შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო რიგით მე-6 სახელმწიფო მდივანი იქნება, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი 17-18 ნოემბერს არის დაგეგმილი.
ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს.
მანამდე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების 5 სახელმწიფო მდივანი იმყოფებოდა:
ჯეიმს ბეიკერი
კოლინ პაუელი
კონდლიზა რაისი
ჰილარი კლინტონი
ჯონ კერი
შეერთებული შტატების პირველი სახელმწიფო მდივანი, რომელიც საქართველოს ეწვია ჯეიმს ბეიკერი იყო, რომელიც თანამდებობას ჯორჯ ბუში უფროსის პრეზიდენტობისას, 1989-1992 წლებში იკავებდა.
ჯეიმს ბეიკერი საქართველოში 1992 წლის მაისში ჩამოვიდა და შეხვდა ედუარდ შევარდნაძეს, რომელსაც სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ძალაუფლება ახალი მოპოვებული ჰქონდა.
ბეიკერის ვიზიტს გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა იმ დროისთვის, რადგან შეერთებული შტატების მაღალი რანგის თანამდებობის პირის ვიზიტმა შევარდნაძის ხელისუფლების ლეგიტიმაციას შეუწყო ხელი.
შემდეგი სახელმწიფო მდივანი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა, კოლინ პაუელი იყო.
კოლინ პაუელი სახელმწიფო მდივნის თანამდებობას 2001-2005 წლებში იკავებდა, ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობის დროს.
სახელმწიფო მდივანი პაუელი საქართველოს 2004 წელს ეწვია, რათა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციას დასწრებოდა.
საქართველოს ორჯერ ეწვია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, რომელიც თანამდებობას ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობის დროს, 2005-2009 წლებში იკავებდა.
კონდოლიზა რაისი საქართველოს, მისი უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ დროს, 2008 წელს ეწვია. პირველად ომამდე, 2008 წლის ივნისში, ხოლო მეორედ, ომის შემდეგ, პრეზიდენტ ბუშის დავალებით და საქართველოსთვის მხარდაჭერის გამოცხადების მიზნით, 2008 წლის 15 აგვისტოს ეწვია.
საქართველოს ორჯერ სტუმრობდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რომელიც მდივნის თანამდებობას ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას, 2009-2013 წლებში იკავებდა.
პირველად, ჰილარი კლინტონი საქართველოს 2010 წელს სტუმრობდა, მეორედ კი 2012 წლის ზაფხულში.
ბოლო სახელმწიფო მდივანი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობდა, ჯონ კერი იყო.
ჯონ კერი, რომელიც თანამდებობას ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას, 2013-2017 წლებში იკავებდა, საქართველოში 2016 წლის მარტში ჩამოვიდა.