ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოშია. სახელმწიფო მდივანს ბათუმის აეროპორტში დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დახვდა.
დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე, აჭარის მთავრობის მეთაური ლევან ვარშალომიძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და საქართველოს ელჩი აშშ-ში თემურ იაკობაშვილი.
ჰილარი კლინტონი ღამეს ბათუმში გაათევს, ხოლო დილიდან საკმაოდ დატვირთული პროგრამის თანახმად, შეხვედრებს დაიწყებს.
პროგრამის მიხედვით, 08:00 საათზე, სასტუმრო "ბათუმის რადისონში" ჰილარი კლინტონი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურს შეხვდება. გილაური და კლინტონი საქართველო-ამერიკის ქარტიის სხდომის თანათავმჯდომარეები იქნებიან, რომელიც 5 ივნისს გაიმართება.
იმავდროულად შედგება ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში შექმნილი, თავდაცვისა და უსაფრთხოების, დემოკრატიისა და მმართველობის, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის და ხალხთაშორისი და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფების შეხვედრები.
ჰილარი კლინტონისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ "იუსტიციის სახლში" დაგეგმილია ერთობლივი ბრიფინგი, რომელიც, პროგრამის თანახმად, 15:00 საათზე უნდა დაიწყოს.
ჰილარი კლინტონი ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც მართავს შეხვედრებს.
კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჰილარი კლინტონი ბათუმიდან აზერბაიჯანში, ხოლო შემდეგ თურქეთში გაემგზავრება.