საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, პრეზიდენტის სასახლეში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტმა ჯონ კერის ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამობრძანებისათვის, ჩვენი ქვეყნისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისათვის.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კი, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს მასპინძლობისათვის და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს საქართველოსთან ურთიერთობით.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენ სულ მალე, კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ვარშავაში, ნატო-ს სამიტზე“, - აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, ნატოს ვარშავის სამიტისათვის მზადების საკითხი, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი და შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები.
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ ვიზიტის მნიშვნელობას კიდევ უფრო ხაზს უსვამს ის, რომ იგი ვარშავის სამიტის წინ გაიმართა.
„უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან ბატონ კერისთან. თავისთავად ვიზიტი მნიშვნელოვანია, ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში და ხაზს უსვამს ამის მნიშვნელობას ისიც, რომ ეს ხდება ვარშავის სამიტის წინ.
საუბარი შეეხო ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც დღეს საჭირბოროტოა და აქტუალურია საქართველოსთვის.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, ბუნებრივია, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე და გაღრმავებაზე. საუბარი იყო იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც შეიძლება გადაიდგას, რაც კიდევ უფრო გააფართოებს და გააღრმავებს ჩვენი თანამშრომლობის ფორმატს. საკმაოდ დეტალური საუბარი იყო უსაფრთხოების საკითხებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. განხილული იქნა საქართველოს გეოპოლიტიკური როლი, ის თუ როგორ შეიძლება გაღრმავდეს ის საერთაშორისო ფუნქცია, რასაც საქართველო დღეს ასრულებს და გარდა ამისა, ბუნებრივია განხილულ იქნა საქართველოს წინსვლის შემდგომი დემოკრატიზაციის ნაბიჯები”, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ს დელეგაციის წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი.