ვლადიმერ პუტინი ძალიან მიყვარს როგორც მამაკაცს მამაკაცი და მინდა რომ იგი მთელი თავისი ცხოვრება პრეზიდენტი იყოს. აცხადებს ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი და დასძენს, რომ მას თავისი რესპუბლიკის რუსეთისგან დამოუკიდებლად არსებობა არ სურს, ხოლო 2012 წელს კი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე კვლავ ვლადიმერ პუტინის ხილვაზე ოცნებობს. ეს განცხადებები კადიროვმა ჟურნალ " Newsweek "-თან საუბარში გააკეთა.
რამზან კადიროვი ასევე თავის პირად მტრებს უწოდებს იმ "არაადამიანებს" რომლებიც ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებენ.
"ის სიტყვის კაცია: მან მოიტანა მშვიდობა ჩეჩნეთის მიწაზე. ჩვენ ბანდიტების ხელში ვიყავით, ალკოჰოლიკი ელცინი კი გვბომბავდა", _ აცხადებს რამზან კადიროვი და დასძენს: _ "მანამ ვიდრე პუტინი მხარს მიჭერს, შემიძლია ყველაფერი გავაკეთო, ალლაჰ აკბარ!".
კადიროვი განმარტავს, რომ მას სრული თავისუფლება სურს ბანდიტებთან - "ხალხისა და ისლამის მტრებთან" საბრძოლველად. ამასთან ერთად, კადიროვი ასევე აცხადებს, რომ ტერორზე გამარჯვება რელიგიის გარეშე შეუძლებელია, ჩეჩნეთში კი ამის გაკეთება გამორიცხული იყო. მისივე განმარტებით, სწორედ ამიტომაა, რომ აქტიური ძალისხმევაა მიმართული იქითკენ, რომ რესპუბლიკაში ისლამი აღორძინდეს, ხოლო ამ პროცესის დაფინანსებაში კი მრავალი ადამიანი იღებს მონაწილეობას - თავად კადიროვიდან დაწყებული მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენებით დამთავრებული, რომლებიც გამოყოფენ ფულს მუფტიების ხელფასისათვის.
რამზან კადიროვი ასევე კატეგორიული წინააღმდეგია ჩეჩნეთის დამოუკიდებლად არსებობისა. "დამოუკიდებლობამ ჩვენ უბედურების გარდა არაფერი მოგვიტანა. მე არ მსურს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა რუსეთისგან", _ აცხადებს კადიროვი.