საქართველოს 17-წლამდე საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.
ქართველებმა ბოლო ტურში შვედეთი გურამ სამუშიას გოლით 1:0 დაამარცხა.
ქართველებმა სამ ტურში 7 ქულა მოაგროვეს. 7 ქულა მოაგროვა ინგლისმაც, თუმცა ქართველებს მათ უკეთესი ბურთების სხვაობით აჯობეს.
მათ ბოლო ტურში პოლონელები 1:0 დაამარცხეს.
ჯგუფში ბოლო ორ ადგილზე შვედები და პოლონელები გავიდნენ თითო-თითო ქულით.
შეგახსენებთ, რომ მესამე ჯგუფის მატჩები თბილისში გაიმართა.
გათამაშების დებულებით, ელიტ-რაუნდში ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი გადის, რომლებსაც 13 ჯგუფიდან კიდევ ორი საუკეთესო მესამე ადგილოსანი (ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებზე გასულ გუნდებთან დაგროვილი ქულების მიხედვით) დაემატება. ელიტ-რაუნდის ჯგუფები კენჭისყრით შედგება და მატჩები მომავალი წლის გაზაფხულზე გაიმართება. 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირს კი 2011 წლის მაისის დასაწყისში სერბეთი უმასპინძლებს.
მე-3 ჯგუფის გარდა, პირველი ეტაპი კიდევ 9 შესარჩევ ჯგუფში დასრულდა. ელიტ-რაუნდში თამაში უკვე გაინაღდეს: საბერძნეთმა, ხორვატიამ, გერმანიამ, ავსტრიამ, ნორვეგიამ, ირლანდიამ, რუმინეთმა, ბელარუსმა, ისლანდიამ, თურქეთმა, დანიამ, ბელგიამ, სლოვაკეთმა, უნგრეთმა, შვეიცარიამ, შოტლანდიამ, ესპანეთმა და რუსეთმა. ფინალურისწინა ეტაპზე მოხვედრის შანსი კი, მესამეადგილოსანთა შორის ჩეხეთს (3 ქულა), ისრაელსა და ფინეთს (ორივეს თითო ქულა) შემორჩათ.