მდიდარი ამერიკელები, რომელთა ანგარიშზეც რამდენიმე მილიარდი დოლარია, რესპუბლიკური პარტიის მხარდასაჭერად ჩაერთვნენ არჩევნებში, რომელიც აშშ-ში 2 ნოემბერს გაიმართება.
ჟურნალ "ფორბსის" ინფორმაციით, რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო კამპანიას 400-მდე მდიდარი ამერიკელი აფინანსებს, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია "საპასუხო პოლიტიკის ცენტრის" მონაცემებით, აშშ-ის ხუთი უმსხვილესი სპონსორიდან ოთხი რესპუბლიკელების მხარდამჭერია.
მდიდარი ამერიკელების განაწყენება "დემოკრატი" ბარაკ ობამას მიმართ იმან გამოიწვია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, იმ ორგანიზაციებს, რომელთა წლიური შემოსავალი 250 ათას დოლარს აჭარბებს, საგადასახადო წნეხი გაეზარდათ.
მედიის ინფორმაციით, რესპუბლიკური პარტიის ყველაზე აქტიურ ლობისტად ძმები კოხები ითვლებიან. "ფორბსის" ინფორმაციით, მათ საარჩევნო კამპანიაში 45 მილიონი დოლარი უკვე ჩადეს. კონსერვატორების მომხრეებმა მილიარდელთა კლუბი შექმნეს, რომელთაც ცნობილი მილიარდელი დონალდ ტრამპიც შეუერთდათ.
პრეზიდენტ ბარაკ ობამას მხარდამჭერად რჩება ცნობილი მილიარდელი ჯორჯ სოროსი. მისი თქმით, მან ერთი მილიონი დოლარი უკვე ჩადო სარეკლამო კამპანიაში.
ამასთან, სოროსმა აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს აშშ-ის ხელისუფლების რადიკალურ გადაწყვეტილებებს. მისთვის ბანკების ნაციონალიზაციაც კი მისაღები იქნება.
აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსები 2 ნოემბრის არჩევნებს აფასებენ, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ნდობის რეფერენდუმს, რადგან დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის დაპირისპირება ყველა დონეზე გამწვავდა - დაწყებული ფედერალური სენატით, დამთავრებული შტატების საკანონმდებლო ორგანოებით.