დავით კლდიაშვილის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის გახსნას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მანუჩარ რობაქიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
სკვერი რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტის „ქალაქის ცენტრის კეთილმოწყობის“ ფარგლებში გაკეთდა. მოეწყო საბავშვო კუთხე, დაიდგა კომფორტული დასასვენებელი სკამები, დამონტაჟდა დეკორატიული სანათები, მოიკირწყლა ბილიკები. სკვერის ტერიტორია სხვადასხვა სახეობის მცენარით გამწვანდა. განახლებული სკვერის გარშემო ღობე და ავტოსადგომი მოეწყო.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მერის მოვალეობის შემსრულებელმა მანუჩარ რობაქიძემ, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა გურამ თურქაძემ, დავით კლდიაშვილის მუზეუმის დირექტორმა ლალი ღვინეფაძემ, რომლებმაც სასიქადულო მწერლის დავით კლდიაშვილის შესახებ ისაუბრეს და საზოგადოებას მიულოცეს კიდევ ერთი სკვერის გახსნა, სადაც მწერლისა და მისი ცნობილი პერსონაჟების ქანდაკებები და ბარელიეფები განსაკუთრებულ გარემოს ქმნის.
"ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, მოეწყო ოთხი სკვერი ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე, ასევე იმერული ჭიშკრები და ღობეები რუსთაველის ქუჩაზე, რამაც თერჯოლის იერ-სახე მნიშვნელოვნად შეცვალა და გაალამაზა. ეს ქალაქი ყველასია, ამიტომ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ სისუფთავე, გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ მას", - აღნიშნა მანუჩარ რობაქიძემ.