საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარის, დავით თარხან-მოურავის მტკიცებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ირჩევს პატრიოტთა ალიანსს, რის მტკიცებულებადაც საკუთარი პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მოჰყავს. ამის შესახებ თარხან მოურავმა ტელეკომპანია "ფორმულის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პარტიამ 900 ათასი მოქალაქე გამოკითხა.
"ჩვენ ჩავწერეთ 900 ათასი აუდიო ჩანაწერი, ეს არის ნახევარზე მეტი ვიდრე ის ხალხი ვინც მოდის არჩევნებზე. რა გვაჩვენმა აუდიოარჩევნებმა, მარტ-აპრილში ჩვენ ვნახეთ, რომ ქართული ოცნების რეიტინგი იყო დაახლოებით 11%, ვამრგვალებ ახლა, ჩვენი 13%, სააკაშვილის კი 3.4%.
მაის-ივნისში როცა იყო პანდემიასთან ბრძოლა, მაშინ ხელისუფლების რეიტინგი გაიზარდა და გახდა 13%, ჩვენი იყო 12,97%, 0.04%-ით გაგვისწრეს.
ივლის-აგვისტოში ჩვენ ვუსწრებდით ხელისუფლებას, ჩვენ ვიყავით თითქმის 16%, ისინი იყვნენ თითქმის 14%.
ჩვენ გვაქვს 23%, დაახლოებით 15% აქვს ხელისუფლებას, 2,5% აქვს სააკაშვილს, რაც შეეხება ბოკერიას მაგას აქვს 0.65%
ეს არის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გადავეცით აბსოლუტურად ყველა საელჩოს, ამერიკა, ევროკავშირი, გერმანია, საფრანგეთი, ასევე ეუთოს, ცესკოს თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმდჯომარეს. უახლოს დღეებში მიიღებს ყველა სენატორი, ყველა კონგრესმენი, ყველა ევროდეპუტატი, რათა დარწმუნდნენ, რომ მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს საქართველოს პატრიოტთა ალიანსს", - განაცხადა თარხან-მოურავმა.