თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებული სამი ოჯახისათვის სახლების მშენებლობა მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი დაიხარჯება.
მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მანუჩარ რობაქიძე, ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი მირზა ქოჩიაშვილი, სოციალური სამსახურის უფროსი დიანა ფოცხვერაშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მ/შ გოდერძი თურქაძე ქვედა სიმონეთში, ჩხარსა და გოგნში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესები დაათვალიერეს და მშენებლებს ვადებისა და ხარისხის დაცვის შესახებ ესაუბრნენ.
„მუნიციპალიტეტში მოქმედი „სახლდაზიანების პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს სამი სახლის მშენებლობა. ეს ოჯახები ცხოვრობდნენ ამორტიზებულ სახლებში, რომლებიც შეკეთებას არ ექვემდებარებოდა. მათ საცხოვრებლად გამზადებული სახლები წლის ბოლოსათვის ჩაბარდებათ. გასულ წელს ორი ოჯახისათვის ავაშენეთ სახლები. მომავალი წლიდან კი აღნიშნული პროგრამისათვის განკუთვნილი თანხა გაიზრდება და შესაბამისად, მეტი სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული ოჯახი იზეიმებს ახალმოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით“,- აღნიშნა მანუჩარ რობაქიძემ