ხვალ , 23 ოქტომბერს, ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში ინტერნეტ-ცენტრი გაიხსნება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან განუცხადეს, ცენტრის გახსნა ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს, აღმოსავლეთ სასწავლო ცენტრის - Sweco Lietuva -ს მიერ - „ლიტვური განვთარებისა და თანამშრომლობის პროგრამის" ფარგლებში დაფინანსდა. აღნიშნულ პროექტში თანამშრომლობისათვის, ხაშურის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით გარემონტდა ინტერნეტ- ცენტრისათვის გამოყოფილი ოთახი, კეთილმოეწყო საბიბლიოთეკო გაერთიანების შენობის ფასადი და მიმდებარე ტერიტორია.
ცენტრის გახსნას, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, დაესწრებიან ლიტვის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სერგო ქიტიაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.
ცენტრის გახსნა მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის, ახალგაზრდების ინტელექტუალური და შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული ცენტრი ყოველდღიურად მოემსახურება 40-მდე მომხმარებელს.
ცენტრის შექმნას საფუძველი ჯერ კიდევ გასულ წელს ჩაეყარა, როდესაც საბიბლიოთეკო გაერთიანებას ლიტვის საელჩომ საოფისე ინვენტარი და კომპიუტერული ტექნიკა გადასცა. ლიტვის საელჩოს დამსახურებაა ასევე სურამის ბავშვთა სახლსა და ტაშისკრის ბავშვთა სახლში ტიხრული მინანქრის, გობელენისა და თექის დამუშავების ცენტრების გახსნაც, ხაშურის ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრისათვის სხვადასხვა დასახელების ელექტრო-მუსიკალური ტექნიკის გადაცემა, ხოლო დაბა სურამში თანამედროვე მოსაცდელის მოწყობა.