პოლონური მედია ამტკიცებს, რომ პოლონეთის ექს-პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი პილოტების მოქმედება გახდა. მედია ასევე ირწმუნება, რომ საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის მიერ გაკეთებულ ანგარიშში, რომელიც პოლონეთის რწმუნებულს ედმუნდ კლიხს გადაეცა არის შესაბამისი ჩანაწერი ამის შესახებ. ამასთან ერთად აღნიშნულია, რომ რუსი დისპეჩერები შეუცდომლად მოქმედებდნენ.
ავიალაინერის კატასტროფის მიზეზი, რომლის ბორტზეც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი იმყოფებოდა პილოტების შეცდომა გახდა. წერს პოლონური გაზეთი "Gazeta Wyborcza".
"მოსკოვში რუსულ გამოძიებასთან დაახლოებული პირიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო საავიაციო კომიტეტი ძირითად ბრალს პოლონურ მხარეს აკისრებს., მათ შორის პილოტებს, ხოლო რუსების მოქმედება (კონტროლიორების) კი კატასტროფის არც ერთი მიზეზი არ ყოფილა", _ წერს გაზეთი და აღნიშნავს, რომ რუს დისპეჩერებს არც ერთი შეცდომა არ დაუშვიათ და ამის გამო ისინი კატასტროფაზე პასუხისმგებლები ვერ იქნებიან.
მთლიანობაში საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის მიერ გაკეთებული ანგარიში შეიცავს ტრაგედიის გარემოებებისა და მიზეზების შემცველ 72 დასკვნას და 6 რეკომენდაცია იმის შესახებ, თუ როგორც შეიძლება მომავალში მსგავსი კატასტროფის თავიდან აცილება. ამას გარდა, ანგარიშში ასევე არის მოცემული მოწყობილობების მუშაობის ჩანაწერი და სმოლენსკის აეროდრომის დისპეჩერების საუბრის ჩანაწერები, რომელთა გადაცემას პოლონური მხარე ითხოვდა, მაგრამ ვერ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო საავიაციო კომიტეტმა პოლონეთის ექს-პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების დადგენაზე მუშაობა დაასრულა და შესაბამისი ანგარიშიც წარადგინა. ანგარიში ფართო საზოგადოებისათვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.