სირიის დედაქალაქ დამასკოში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩო ხვალ გაიხსნება. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის დელეგაცია ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ალხას კვიცინიას ხელმძღვანელობით სირიაში უკვე ჩავიდა.
დელეგაციის წევრებს შორის არიან ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ე.წ. სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი და სხვები.
"ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სირიის ხელმძღვანელობასთან და მთავრობასთან", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" 2018 წლის მაისში აღიარა.