შვეიცარიის ქალაქ მონტროში მიმდინარე ფრანკოფონიის მინისტერიალში მონაწილეობა საქართველოს დელეგაციამაც მიიღო, სადაც სიტყვით გამოვიდა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე.
გორდაძემ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ ისაუბრა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ფრანკოფონიის მინისტერიალის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა შეხვედრა ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივან ანდრეი პლენკოვიჩთან გამართა.
შეხვედრაზე ხორვატიულ მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის თაობაზე. განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
ფრანკოფონიის მინისტერიალის კონფერენციის მსვლელობისას მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ცალსახად უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობას.