"პარტია "ედინაია-როსია" ეს მოსამსახურე-პარტიაა და მე მისი რიგები დავტოვე", _ განაცხადა დღეს მოსკოვის ყოფილმა მერმა იური ლუჟკოვმა ახალ თანამდებობაზე საზოგადოებასთან პირველი შეხვედრისას, როდესაც საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანის რანგში სტუდენტებს უხსნიდა თუ რატომ დატოვა რუსეთის მმართველი პარტიის "ედინაია როსიას" რიგები.
იური ლუჟკოვი სტუდენტების წინაშე წარსდგა ლექციით _ "მოსკოვის განვითარებისა და რუსეთის აღორძინების შესახებ". ამ თანამდებობაზე იური ლუჟკოვი 1 ოქტომბერს დაინიშნა.
იური ლუჟკოვმა სტუდენტების მრავალ კითხვას უპასუხა, თუმცა მოსკოვის ახალ მერზე სერგეი სობიანინზე კი საუბარი არ ისურვა: - "ამას შეგნებულად ვაკეთებ: არ მინდა ჩარევა.." - განაცხადა იური ლუჟკოვმა.
მანვე სტუდენტებთან შეხვედრისას იმ მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა გამოც იგი რუსეთის მმართველი პარტიის რიგებიდან გამოვიდა. ლუჟკოვის თქმით, მის მიერ პარტიის დატოვების საბაბი მასში დემოკრატიული ინსტიტუტების არარსებობა გახდა.
"ბედის ირონიაა: მე პარტია "ედინაია როსიას" ერთ-ერთ დამფუძნებელი ვარ და ჩემი დამოკიდებულება პარტიის მიმართ, ყოველთვის კრიტიკული იყო. სულ ვეუბნებოდი პარტიის თავმჯდომარეს ბორის გრიზლოვს, რომ ჩვენთან არ არის მსჯელობები და არ არის დისკუსიები. ჩვენ ყოველთვის და ყველაფერში ვექვემდებარებით ადმინისტრაციას. ეს პარტია-მოსამსახურეა და მე მისი რიგები დავტოვე", _ განაცხადა ლუჟკოვმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 28 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ნდობის დაკარგვის გამო მოსკოვი მერი იური ლუჟკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ლუჟკოვი მოსკოვის მერი 18 წლის განმავლობაში იყო.
მასალის გამოყენების პირობები