ქობულეთში საოჯახო ტიპის სასტუმროებისა და კაფე-ბარების მეპატრონეებმა აქცია გამართეს. შეკრებილები ხელისუფლებას ბანკებსა და მოსახლეობას შორის მედიატორობას სთხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ვალდებულებებისგან თავის არიდებას არ აპირებენ თუმცა განმარტავენ, რომ პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა ტურისტული სეზონი ფაქტობრივად ჩააგდო, რაც მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და რის გამოც საბანკო გადასახადებს ვერ იხდიან.
სასტუმროებისა და კაფე-ბარების მეპატრონეები სესხების დროებით გადავადებასა და პროცენტის სრულად სუბსიდირებას ითხოვენ, ასევე მთავრობას სთხოვენ შუამდგომლობას, რათა ბანკებმა მათზე დაბალპროცენტიანი სესხი გასცეს საშეღავათო პერიოდით.
აქციის მონაწილეებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურაძე შეუერთდა და მოსახლეობის მოთხოვნას საფუძვლიანი უწოდა. მისი თქმით, სახელწიფო ვალდებულია მოსახლეობის პრობლემები გაითვალისწინოს.
საოჯახო ტიპის სასტუმროებისა და კაფე-ბარების მეპატრონეები უკვე რიგით მე-8 აქციას მართავენ, მოთხოვნების დაუკმაყოფიკებლობის შემთხვევაში კი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
აქციის მონაწილეებთან მერის მოადგილე ლევან ზოიძე მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ საკითხის მოსაგვარებლად აქტიურად მუშაობა მიმდინარეობს.