აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, აჭარაში კორონავისურთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა.
,,სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი. როგორც სამედიცინო სექტორი, ასევე მთლიანად სამთავრობო ვერტიკალი მზად არის, ამ მზარდი რისკების ფონზე, ეფექტურად მართოს პროცესი. ჩვენ ხელმისაწვდომი გავხადეთ გაფართოებული ტესტირება ყველა მოქალაქისთვის. შესაბამისად, კოვიდინფიცირების გამოვლენა ხდება სწრაფად.
აჭარაში ჰოსპიტალური სექტორი გაფართოვდა და მობილიზებულია 350-ზე მეტი საწოლ-ფონდი, ლაბორატორიების სიმძლავრე არის შესაბამისი. ამოქმედდა დამატებითი პროტოკოლები და ხდება მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების მართვა ე.წ. კოვიდ-სასტუმროებში. ჩვენ ამ მიზნით უკვე დავაკონტრაქტეთ დაახლოებით 400 ნომერზე მეტი და ეს მოგვცემს საშუალებას განხორციელდეს შესაბამისი სტაციონარული და სტაციონარის შემდგომი სერვისები“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
მომატებული ეპიდ-რისკების გათვალისწინებით, აჭარაში სწავლა 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება.
,,დღეს ოპერატიულ ფორმატში, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მსგავსად აჭარის 3 მუნიციპალიტეტისა, როგორიცაა ხელვაჩაური, ქობულეთი, ბათუმი, სწავლა 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება მაღალმთიან აჭარაშიც, ხულოში, შუახევსა და ქედაში.
განათლების სამინისტრო მუშაობს, რომ სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს როგორც ტექნიკური, ასევე ინფრასტრუქტურული სიმძლავრეები სკოლებში და სკოლების უდიდესი ნაწილი მზად არის, რომ საკლასო ოთახში განახლდეს სწავლა. თუმცა, მომატებული ეპიდ-რისკების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში სწავლა საკლასო ოთახებში 1 ოქტომბრიდან, ხოლო დისტანციურად 15 სექტემბრიდან დაიწყება.
რამდენიმე დღეში, ველოდებით აჭარაში და ბათუმში ინფიცირების შემთხვევების შემცირებას“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, არ განიხილება აჭარის, ბათუმის ჩაკეტვა ან კარანტინის დაწესება.