დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის მიერ ჩატარებული PCR ტესტის პასუხები 270 თანამშრომელსა და პაციენტში უარყოფითია.
2 დღის წინ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთ ექიმს COVID 19-ზე გეგმიური შემოწმების დროს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. ჰოსპიტალში დანერგილი სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის სისტემის მეშვეობით, შემთხვევის იდენტიფიცირება კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე მოხდა. ჰოსპიტალმა მყისიერად მიიღო პრევენციული ზომები. დაინფიცირებულ ექიმთან ახლო კონტაქტში მყოფი 16 პირი თვითიზოლაციაში გადავიდა. კლინიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით PCR ტესტი 270 მედპერსონალს და პაციენტს ჩაუტარდა. აღნიშნული მასშტაბური PCR ტესტირების ჩატარება ქვეყანაში მომატებული შემთხვევების გამო და რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით გაკეთდა, რაც ჰოსპიტლის მაღალ სამედიცინო სტანდარტსა და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვაზე მეტყველებს.
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი ქვეყანაში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის დღიდან მკაცრად იცავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. თითოეული პაციენტი ჰოსპიტლის სივრცეში მოხვედრამდე გადის სპეციალურად მოწყობილ პრეტრიაჟს, სადაც მათი კლინიკური შეფასება ხდება. ყველა ის ექიმი, რომელიც დღეს თვითიზოლაციაში იმყოფება, მაღალკვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტებულმა სარეზერვო გუნდმა ჩაანაცვლა.
ჰოსპიტალი განსაკუთრებული ზომების დაცვით, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს პაციენტებისთვის საჭირო სერვისების უსაფრთხო გარემოში მიწოდებას.