ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი აცახდებს, რომ მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზრევო ფონდები გაზრდილი კი არა, შემცირებულია. ამის შესახებ განცხადება ბაინდურაშვილმა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გააკეთა.
საკითხი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრმა გია ცაგარეიშვილმა წამოჭრა, თუმცა მან კითხვა დასვა იმ კონტექსტით, თუ რატომ ხდება ფონდების თავიდანვე 50-50 მილიონით განსაზღვრა.
"ბოლო წლების პრაქტიკით დამკვიდრდა, რომ ამ ფონდებისათვის თავდაპირველად განისაზღვრება 25-25 მილიონი და შემდეგ წლის განმავლობაში ხდება ამ ფონდების გაზრდა. კანონმდებლობით, ფონდების ზედა ზღვარი შეიძლება იყოს 60-60 მილიონი", _ განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ცაგარეიშილი დაინტერესდა იმით, თუ რა პრობლემებს ელოდება ხელისუფელბა წლის დასაწყისშივე, რომ ეს ფონდები უკვე 50-50 მილიონითაა განსაზღვრული.
ბაინდურაშილმა განაცხადა, რომ ფონდები არ არის გაზრდილი. პირიქით, წლევანდელთან შედარებით შემცირებულია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტის თანახმად, მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდები საბოლოოდ 55-55 მილიონით განისაზღვრა. თუმცა ეს მოხდა წლის შუაში, როდესაც ცვლილებები შევიდა ბიუჯეტში. თავდაპირველად კი განსაზღვრული იყო 25-25 მილიონით.