ენზელ მკოიანზე მუქარა ისევ გრძელდება - ინფორმაციას ადვოკატი ავრცელებს. ცოტა ხნის წინ, გამართულ პრესკონფერენციაზე, მისმა უფლებადამცველმა განაცხადა, რომ ბოლოს დეპუტატს 30 აგვისტოს ისევ რუსული ნომრიდან დაურეკეს, სოციალურ ქსელ "ვოთსაფით", და ჰკითხეს - აპირებდა, თუ არა მათ მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას.
ადვოკატის თქმით, ენზელ მკოიანს ხუთ მილიონ დოლარს სთხოვენ.
"30 აგვისტოს, ენზელ მკოიანს 23 საათსა და 19 წუთზე, მობილურ ნომერზე, იგივე ნომრით, რომლითაც დაემუქრნენ და ფული მოსთხოვეს, ურეკავდნენ და რუსულად ეუბნებიან, აპირებს, თუ არა მათ მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას. საუბარია 5 მილიონ ამერიკულ დოლარზე. მას პირდაპირ უთხრეს, თუ არ გადაიხდის თანხას მის საყვარელ ადამიანს წაიყვანენ და მას ვეღარ ნახავს. ასევე ეუბნებიან, რომ ისინი არ ხუმრობენ, რადგან უკვე მისი ძმის მანქანა ააფეთქეს და აღნიშნული თანხის გადახდას 1 კვირის ვადაში სთხოვენ“, - აცხადებს ენზელ მკოიანის ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი.