7-8 ნოემბერს ყვარელში ილიაობას აღნიშნავენ.
ღონისძიება დიდი ქართველი მწერლის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 173-ე წლისთავს ეძღვნება.
7 ნოემბერს ყვარელში სახალხო ზეიმი გაიმართება, რომელიც ილიას მონუმენტთან დაიწყება. შემდეგ ღონისძიება ყვარლის ციხე-გალავანში გადაინაცვლებს და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი ილიაობაზე საკუთარი ფაცხით იქნება წარმოდგენილი. ფაცხებში სამზარეულო და ფოლკლორული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. თექის მოთელვასა და მატყლის ჩეჩვასთან ერთად, ყვარელში ხინკლის მოხვევა და კახური თათარაობაც გაიმართება.
პარალელურად, ადგილობრივი ძალებით ჩატარდება კონცერტი და ქართული ჭიდაობა.
ილიას სახლ-მუზეუმში ნიკო და ზურაბ ჭავჭავაძეებისასდმი მიძღვნილი გამოფენა "ეროვნული მოძრაობა და ჭავჭავაძეები" გაიხსნება.
საღამოს, ილიას სახლ-მუზეუმთან, კონცერტს ქართული ესტრადის ვარსკვლავები ჩაატარებენ.
8 ნოემბერს მწერლის სახლ-მუზეუმში საზოგადო მოღვაწეებთან შეხვედრა გაიმართება. ილიას ეზოში მოეწყობა ბავშვების ნახატების გამოფენა "ილია ბავშვების თვალით." ამ დღეს იგეგმება რეაბილიტირებული სპორტსკოლის გახსნაც.
ილიაობის ორგანიზატორები კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ტურიზმის დეპარტამენტი არიან.
ღონისძიების მოსაწყობად 10 000ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
მასალის გამოყენების პირობები