დღეს, 20 ოქტომბერს, სტატისტიკის მსოფლიო დღე აღინიშნება. სტატისტიკის მსოფლიო დღედ 20 ოქტომბერი 2010 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის № 64/267 რეზოლუციით დაწესდა და, შესაბამისად, წელს პირველად აღინიშნება.
20 ოქტომბერს გაეროს სტატისტიკის განყოფილება, გაეროს რეგიონული ოფისები, გაეროს წევრი 192 ქვეყნის ეროვნული სტატსამსახურები სტატისტიკის მსოფლიო დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ.
სტატისტიკის საერთაშორისო დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოამზადა პლაკატი (პოსტერი), რომელიც გაეგზავნა გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ეკონომიკურ-სოციალურ კომისიას (ქ. ბანგკოკი, ტაილანდი) სტატისტიკის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სპეციალური გამოფენისთვის. გამოფენაზე საქართველოს სტატსამსახურს, ისევე როგორც კომისიის ყველა წევრ ქვეყანას, საკუთარი კუთხე ექნება.
ამ დღესთან დაკავშირებით 20 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე სიგელებით დააჯილდოებს საუკეთესო ინტერვიუერებს. უახლოეს დღეებში სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ იმ საწარმოებს, რომლებიც ყველაზე აქტიურად თანამშრომლობენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან.