საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ახალი ეროვნული მასშტაბის კვლევის მიხედვით მოსახლეობის 79 პროცენტი არის კმაყოფილი, მათ შორის „ძალიან კმაყოფილი“ (41 %) და „მეტნაკლებად“ კმაყოფილი (38 %) მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში.
ამასთანავე, მოსახლეობის 58 პროცენტი, მათ შორის 21 % „ძალიან“, ხოლო 37 პროცენტი „მეტნაკლებად“, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად.
ამავე კველვაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის პოზიტიური დამოკიდებულება ქვეყნის ტრაექტორიასთან დაკავშირებით გაზრდილია, ორგანიზაციის წინა კვლევასთან შედარებით. „თუ 2019 წლის ოქტომბრის კვლევის შედეგებით მოსახლეობის 22 პროცენტი თვლიდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი გაზრდილია 36 პროცენტამდე“, - წერის კვლევის ანგარიშში.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ.
მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.
მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.