საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დაკავებულ ექიმს, ვახტან ყიფიანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია.
"გვინდა გამოვეხმაუროთ შპს "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორის გიორგი ლობჟანიძისა და ექიმ ვახტანგ ყიფიანის დაკავების ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2020 წლის 06 აგვისტოს გაიმართა სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება, რომელზეც განხილულ იქნა ექიმ ვახტანგ ყიფიანის წინასწარ პატიმრობაში დატოვების საკითხი. სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება გამოუცხადოს სრული სოლოდარობა და მხარდაჭერა დაკავებულ ექიმს.
პირველ რიგში, გვინდა დავაფიქსიროთ რამდენიმე მოსაზრება:
1. მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ბრალდებულ პირებს, როგორც კლინიცისტებს კანონი არ დაურღვევიათ. მითუმეტეს მათ ქმედებაში არ იკვეთება სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები. თუ დარღვევა დაფიქსირდა ადმინისტრაციული კუთხით, ბუნებრივია მასზე უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება;
2. წინასწარი პატიმრობის გამოყენება არის მიუღებელი და ატარებს სადამსჯელო ხასიათს. უფრო მეტიც, აღნიშნული წარმოადგენს დიდ საფრთხეს სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის. ბრალდებული პირები, გამოძიების დროს, რაც 2 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა, აქტიურად თანამშრომლობდნენ შესაბამის ორგანოებთან. ამ ხნის მანძილზე, არ დაფიქსირებულა არცერთი ქმედება, რაც გააჩენდა ბრალდებულების მიმალვის, გაუჩინარების ან მტკიცებულების დაფარვის, სულ მცირე, თეორიულ შანსაც კი;
3. თავად ფორმა, როგორც მოხდა ექიმების დაკავება, ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ, სამედიცინო საზოგადოებისთვის არის სრულიად მიუღებელი;
ვინაიდან, ვახტანგ ყიფიანის ბრალდებაში ფიგურირებს არალიცენზირებული სამედიცინო საქმიანობის საკითხი, გაერთიანება საჭიროდ მიიჩნევს ყურადღებას გაამახვილოს შემდეგ გარემოებაზე, რეგულირების სააგენტოს 29.03.2019 შემოწმების აქტში ვკითხულობთ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის No01-8/ნ ბრძანების დანართი 15 ის მიხედვით D16.6 დიაგნოზზე ჩარევის უფლება აქვს ექიმს, რომელსაც აქვს სერთიფიკატი ორთოპედია ტრავმატოლოგიაში. გვინდა განვმარტოთ, რომ, ოსტეოიდ-ოსტეომის მკურნალობის გავრცელებული ორი მეთოდიდან: ა) წარმონაქმნის ქირურგიულ რეზექცია და ბ) წარმონაქმნის რადიოსიხშირულ აბლაცია, მხოლოდ პირველი (ქირურგიული რეზექცია) წარმოადგენს ორთოპედ- ტრავმატოლოგის კომპეტენციას. მაგრამ ცალსახაა, რომ რადიოსიხშირული აბლაცია არ იფარება ორთოპედ-ტრავმატოლოგიის სპეციალობით.
ზემოთქმული დასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის "საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ" 2015 წლის 30 მარტის N01-8/ნ ბრძანებით განსაზღვრული ორთოპედია-ტრავმატოლოგის პროფესიული კომპეტენციებით.
ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ სამედიცინო ჩარევას აქვს შესაბამისი NSCP კოდი , ხოლო No01-8/ნ ბრძანება კომპეტენციებს ამტკიცებს ICD 10 დიაგნოზების მიხედვით, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სამედიცინო ჩარევების მიხედვით კომპეტენციათა დიფერენცირებას, მითუმეტეს როდესაც საქმე ეხება ჩარევის სხვადასხვა თანამედროვე მეთოდებს.
სამედიცინო ჩარევის კლასიფიკატორის NSCP -ის მიხედვით - სამედიცინო ჩარევა კოდით NASR 99, არ მიეკუთვნება იმ ტიპის ჩარევას, რისი განხორციელების უფლებაც არ ჰქონდა დაკავებულ ვახტანგ ყიფიანს. უფრო მეტიც, მეორე ოპერაციის დროს, როდესაც მოხდა გართულება ანესთეზიის დროს, ქირურგიული სამედიცინო მანიპულაცია საერთოდ არ განხორციელებულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით გადაიხედოს სააგენტოს 29.03.2019 შემოწმების აქტი და მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა", - ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ:
"საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაცია" - გიორგი ინგოროყვა
"უროლოგთა ასოციაცია" - არჩილ ჩხოტუა
"საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია სმგა" - თენგიზ ასათიანი
"საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია" - ნიკოლოზ კინტრაია
"საქართველოს ონკოლოგთა ასოციაცია" - გურამ მენთეშაშვილი
"საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია" - ზაზა ლაზარარშვილი
"საქართველოს ტრავმატოლოგ ორთოპედთა კავშირი - სტოკ" - ვაჟა გაფრინდაშვილი
"ალიანსი კიბოს წინააღმდეგ" - მიხეილ ჯანჯალია
"სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი" - გიორგი ჩახუნაშვილი
"საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაცია" - სულხან ლომინაძე
"საქართველოს ქირურგთა ასოციაცია" - გელა არაბიძე
"საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაცია" - ია დავითაია
საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია" - კახაბერ ეცადაშვილი
საქართველოს დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირი" - ირმა ჭოხონელიძე
"საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაცია" - გიორგი ჩიჩუა
რადიაციულ ონკოლოგიის ეროვნული ასოციაცია" - დარეჯან ლომიძე
საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ექიმთა ასოციაცია" - გიორგი გოცაძე
"საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაცია" - თამარ ყანდაშვილი
"საქართველოს თერაპევტთა ასოციაცია" - დავით გორდელაძე
"მერაბ კილაძის სახელობის საქართველოს მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია" - დავით აბულაძე
"საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაცია" - მალხაზ მიზანდარი
"ავლიპ ზურაბიშვილის სახ. საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაცია" - ნინო ოკრიბელაშვილი
"საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაცია" - ზურაბ ფაღავა
"საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია" - ლიკა ჯანაშვილი
"ცერებული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება" - მარიკა ალფაიძე
"ბიოსამედიცინო კვლევების განვითარების ასოციაცია" - ლუიზა გაბუნია
"საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სკოლა" - ცოტნე სამადაშვილი
"ალიანსი ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლა" - ლია სირაძე
საქართველოს სასწრაფო დახმარების ექიმთა ასოციაცია - გიორგი ვაშაკიძე
"საქართველოს ინტერვენციონალისტ კარდიოლოგთა ასოციაცია" - შალვა რცხილაძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად გამოიტანეს დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
მოგვიანებით, საავადმყოფოს დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.
დაკავებულ ექიმებთან დაკავშირებით განცხადება თბილისის ცენტრალურმა საავადმყოფომაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო დაწესებულება სრულად უარყოფს დაკავებულ პირთა მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს. მათი თქმით, ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმე ეხება 25 წლის ქალს, რომელიც უკვე 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია. 2018 წლის სექტემბერში ჩატარებული ოპერაციის ავტორის კვალიფიკაციის შემოწმება გამოძიებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს მოთხოვნა პაციენტის ოჯახმა დააყენა. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.