თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. მანამდე საქმის გამოძიებას ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი წარმართავდა.
როგორც ცნობილია თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს უნდობლობას უცხადებდა და ითხოვდა, გამოძიება ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას გადასცემოდა.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან მანქანით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი კვალი თეთრიწყაროს ერთ-ერთ სოფელში წყდებოდა, სადაც ბოლოს სოფლის მცხოვრებლებმა ნახეს.
ის სამართალდამცველებმა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
21 ივლისს ბაჩალიაშვილის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა და პოლიციას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვა. სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი 22 ივლისს ჩაერთო.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა.