ნატოს ერთ-ერთი ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" ლიდერ ოსამა ბინ ლადენი და მისი მოადგილე აიამან ალ-ზავაჰირი ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანის ტერიტორიაზე იმალებიან. ამ ინფორმაციას "სი-ენ-ენი" ნატოს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა წყაროს ვინაობას საქმის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ასახელებს.
ნატოს წარმომადგენლის განმარტებით, ბინ ლადენი და ალ-ზავაჰირი ერთ ქალაქში, თუმცა სხვადასხვა სახლებში ცხოვრობენ და ისინი სრულ კომფორტში იმყოფებიან
"ალ-ქაიდას არც ერთი ლიდერი მღვიმეში არ ცხოვრობს", - აღნიშნა ნატოს წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ბინ ლადენს ადგილობრივი მოსახლეობა და პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლები ემსახურებიან.
ცნობისათვის, პაკისტანიხ ხელისუფლება "ალ-ქაიდას წევრებისთვის გაწეული დახმარების ფაქტებს უარყოფს.
ნატოს წარმომადგენლის მტკიცებით, ბინ-ლადენი პაკისტანში ტორა ბორას რეგიონის გავლით მოხვდა. ცნობისათვის, ეს ის რეგიონია, სადაც "ალ-ქაიდას" წევრები ავღანეთის ტერიტორიის დატოვებამდე გამაგრდნენ და რომელსაც აშშ-ს საჰაერო ძალები მასიურად ბომბავდნენ.
ნატოს წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, თუ რა გზით შეძლო ალიანსმა ბინ ლადენის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მოპოვება.