კრასნოდარის მხარის ტუაპსეს რაიონში წყალდიდობის გამო ცხრა ადამიანი დაიღუპა, ევაკუირებულია 280 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს კრასნოდარის მხარის განყოფილება ავრცელებს.
"ტუაპსეს რაიონის მთიან ნაწილში დიდი ნალექის შედეგად მდინარეები ფშენახა და ტუაპსინკა ადიდდა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია, დაიტბორა 7 სოფელი და 17 პატარა დასახლებული პუნქტი. წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილია ცხრა ადამიანი, 280 კი ევაკუირებული", _ იუწყება საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო.
მათივე ინფორმაციით, დატბორილ დასახლებულ პუნქტებში ამჟამად წყლის დონემ დაიკლო. სტიქიის შედეგად ასევე შეყოვნდა მატარებლების მოძრაობა, რომელიც ამჟამად აღდგენილია.