ბათუმში განათლების და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. განათლების ქალაქის სამშენებლო სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით ფარცვანიამ და აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომაროვის სკოლის ფილიალის სასწავლო კორპუსის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა.
250 მოსწავლეზე გათვლილ კომაროვის სკოლის ბათუმის ფილიალის თანამედროვე ტიპის შენობაში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ასევე, სპორტული მოედანი. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით. პროექტის ფარგლებში, აშენდება 100 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი.
ბათუმის ,,განათლებისა და მეცნიერების ქალაქის" კონცეფცია ასევე ითვალისწინებს კომაროვის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიული სასწავლებელის „ბლექსის", მულტიფუნქციური ცენტრისა და სახელოვნებო სკოლის მშენებლობას. განათლების ქალაქში სახელოვნებო სკოლის მშენებლობა აჭარის მთავრობის ხელშეწყობით განხორციელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელოვნებო სკოლის პროექტირება.
განათლების ქალაქის პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.