„ივანიშვილმა გასცა ბრძანება, რომ ეს ამბავი უნდა „შეეტენოს“ „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორ და რანაირად, ამაზე თავი კობახიძემ და პრეზიდენტმა იტეხონ“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ზურაბიშვილმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდოდ მკვლელობის მცდელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მომხდართან დაკავშირებით მთელი ხელისუფლება, მათ შორის პრეზიდენტიც, იმ განცხადებებს აკეთებს, რასაც მათ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე უბრძანებთ.
„როდესაც ეს ამბავი თქვენი ტელევიზიის მეშვეობით ცნობილი გახდა, ამას ჯერ მოყვა სუს-ის განცხადება, რომელმაც ეს პრინციპში დაადასტურა. მერე დაიწყო ეს პოლიტიკური თამაშები, წამოვიდა ე.წ. მესიჯბოქსი. დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად, რომ ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ისევე მისდის მობილურზე მესიჯი რა უნდა თქვას, როგორც ნებისმიერ დეპუტატს. პრეზიდენტი ვარო კი იძახის, მაგრამ ის პრეზიდენტად მუშაობს რეალურად. რა ილაპარაკოს და რა არა მას განუსაზღვრავს სხვა. აქ არის მთელი პრობლემა, რომ ერთი კაცის შიშებზე, სიზმრებზე თუ წარმოდგენებზე და მის არაკვალიფიციურ ხედვებზე პოლიტიკის მიმართ არის ყველაფერი დამოკიდებული. ყველა ეს ადამიანი, ვინც ლაპარაკობს, არ ელაპარაკება ხალხს, საზოგადოებას. ისინი ყველანი ადასტურებენ ერთგულებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რადგან ბიძინა ივანიშვილმა გასცა ახლა ბრძანება, რომ ეს ამბავი უნდა „შეეტენოს“ „ნაციონალურ მოძრაობას“, უნდა დაბრალდეს მათ. როგორ დაბრალდეს და რანაირად, იტეხოს თავი კობახიძემ და ზურაბიშვილმა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.