"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ შესრულდეს ეს პირობა, ეს არის პირობა, რომელსაც აქვს ორი მხარე - უმრავლესობა და ოპოზიცია, შესაბამისად, პასუხისმგებლობა არის გადანაწილებული და საზოგადოება დაინახავს, ვინ შეასრულებს ამ პასუხისმგებლობას და ვინ არა",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი არ დაუშვებს, რომ თუ იმ შემთხვევაში, ცვლილებებს კენჭისყრის დროს საფრთხე შეექმნება, ოპოზიციამ ეს "ქართულ ოცნებას' გადააბრალოს.
"ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ თუ ხელისუფლება თავის პასუხისმგებლობას შეასრულებს და ამ ცვლილებებს, ღმერთმა ნუ ქნას, რამე საფრთხე შეექმნას კენჭისყრის დროს, არ დავუშვებთ, რომ ასეთ შემთხვევაში ოპოზიციამ სცადოს და ეს გადმოგვაბრალოს ჩვენ. პასუხისმგებლობები იქნება გამჭვირვალედ ნაჩვენები", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმ ოპონენტებს, რომლებიც, მისივე შეფასებით, ჯერ კიდევ გაორებულ და ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ პასუხისმგებლობის შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
"ჩვენ უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს, ამავე დროს, როგორც პოლიტიკური პარტია ვემზადებით გამარჯვებისთვის. გვექნება ძლიერი პროგრამა, გვეყოლება განახლებული გუნდი და მზად ვართ მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.