ჩილეში მიწისქვეშ მოყოლილი 33 მეშახტის ევაკუაცია დასრულდა. მაღაროელთა 700 მეტრის სიღრმიდან ამოყვანას 22 საათი დასჭირდა.
როგორც ჩილეს საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეშახტეების ევაკუაცია ჩილელი ინჟინრების მიერ საგანგებოდ დამზადებული კაფსულის დახმარებით მიმდინარეობდა. კაფსულაში მხოლოდ ერთი ადამიანი ეტევა და იგი ადამიანის ჯანმრთელობისათვის სრულიად უსაფრთხოა.
შეგახსენებთ, რომ სან ხოსეს მაღაროში ავარია 5 აგვისტოს დაფიქსირდა, რის შემდეგაც მოხდა მაღაროს ბლოკირება და მიწისქვეშ აღმოჩნდა 33 მაღაროელი.
დაზარალებულები მიწისქვეშ, დედამიწის ზედაპირიდან 700 მეტრით დაბლა იმყოფებოდნენ. მათ საგანგებოდ გაჭრილი არხით საკვები, წყალი, თამბაქო, მედიკამენტები და სხვა საჭირო ნივთები მიეწოდებოდათ.