10 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერი სიტყვით გამოვა. აღნიშნულ ინფორმაციას ორგანიზაცია "The Human Rights Campaign"-ი (კამპანია ადამიანის უფლებებისთვის) ავრცელებს.
ორგანიზაცია "The Human Rights Campaign"-"-ი ქვეყანაში ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა, რომელიც ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების უფლებებს იცავს. სწორედ ამ ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი შემაჯამებელი სიტყვით გამოვა შაბათს, 10 ოქტომბერს გამართულ მე-13 ვახშამზე ვაშინგტონში.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საღამოს ორი კულმინაცია ექნება _ ერთი ობამას გამოსვლა, მეორე კი _ სექსუალური უმცირესობების უფლებებისათვის მებრძოლი სენატორ ედვარდ კენედის სახელობის პრემიის გადაცემა ნაციონალური ლიდერობისთვის.
"ჩვენთვის დიდი პატივია ამ საღამოს პრეზიდენტ ობამასთან გაზიარება, რომელმაც მოუწოდა ერს, მიიღონ ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები და ტრანსსექსუალები დებად და ძმებად", _ განაცხადა ორგანიზაცია "The Human Rights Campaign"-"-ის პრეზიდენტმა ჯო სოლმონეზემ.
მისი თქმით, ამავე საღამოს კენედის სახელობის პრემიით დაჯილდოება ნიშანდობლივია.
"ეს ძალიან ნიშანდობლივია, იმიტომ რომ ამ საღამოს, როდესაც მას ჩვენთან ექნება ურთიერთობა, პატივს მივაგებთ მის მეგობარსა და მასწავლებელს, სენატორ ედვარდ კენედის, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ პრეზიდენტის პოსტზე ბარაკ ობამა დაამთავრებს ერის საქმეს _ თანაბარი უფლება ყველა უმცირესობისთვის და ყველასთვის, ვისაც სჯერა თავისუფლებისა და სამართლიანობის", _ განაცხადა სოლმონეზემ.