„როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს, ინფექციის სწორი მართვის რეჟიმში, ჩვენი სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების აღდგენა და მოგვიწევს, ინფექციის პარალელურად მუშაობა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესების მართვა - დავამტკიცეთ, რომ ეს შეგვიძლია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ქვეყანაში დამაიმედებელია და ყალიბდება ტენდენცია, როდესაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც ხელისუფლებას შეზღუდვების მოხსნის გეგმის თანმიმდევრული განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. აქვე, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს ამ პროცესის ფრთხილი და პრაგმატული მართვა, რომ არ მივიღოთ გავრცელების ახალი კერები.
„ შეზღუდვების მოხსნას დამატებითი რისკების შექმნა არ უნდა მოყვეს. შეზღუდვების ნებისმიერი ცალკეული მოხსნა, თუ ის სათანადოდ არ იქნება მართული და არ იქნება პრევენციული და ეპიდემიოლოგიური ზომები მიღებული, - მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შესაძლოა, გახდეს ინფექციის გავრცელების წყარო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ პროცესის ძალიან პრაგმატული მართვა, რასაც ვაკეთებთ კიდეც, ერთიანი კოორდინაციით. ამას ეფექტურად ახორციელებენ ჯანდაცვის და სხვა მოკავშირე სამსახურები, საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი“,- განაცხადა თალაკვაძემ.