ჩილეში მიწისქვეშ მოყოლილი მეშახტეების ევაკუაცია დაიწყო. მიწისქვეშა ტყვეობიდან ოთხი მაღაროელი უკვე ამოიყვანეს.
როგორც ჩილეს საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეშახტეების ევაკუაცია ჩილელი ინჟინრების მიერ საგანგებოდ დამზადებული კაფსულის დახმარებით მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, შაბათამდე 33 მეშახტის სრული ევაკუაცია განხორციელდება.
ჩილეს ოფიციალური პირების ინფორმაციით, კაფსულაში ერთი ადამიანი ეტევა და იგი ადამიანის ჯანმრთელობისათვის სრულიად უსაფრთხოა.
შეგახსენებთ, რომ სან ხოსეს მაღაროში ავარია 5 აგვისტოს დაფიქსირდა, რის შემდეგაც მოხდა მაღაროს ბლოკირება და მიწისქვეშ აღმოჩნდა 33 მაღაროელი.
დაზარალებულები მიწისქვეშ, დედამიწის ზედაპირიდან 700 მეტრით დაბლა იმყოფებიან. მათ საგანგებოდ გაჭრილი არხით საკვები, წყალი, თამბაქო, მედიკამენტები და სხვა საჭირო ნივთები მიეწოდებათ.