რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ხელისუფლების თავნებობით, ასევე "ჩეჩნეთის ომითა და საქართველოს ოკუპაციით დაიღალნენ" ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ ცნობილი როკ-მუსიკოსის იური შევჩუკის რუსეთის ახალი პრეზიდენტის თანამდებობაზე მხარდაჭერის სასარგებლოდ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ინტერნეტში ცნობილი როკ-მუსიკოსის იური შევჩუკის კანდიდატურის მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო. შევჩუკისადმი განკუთვნილ მიმართვაში ბლოგერებმა განაცხადეს, რომ სხვა ალტერნატივას ვერ ხედავენ და ვინაიდან დაიღალნენ მილიციური განუკითხაობით, მაღალი გადასახადებითა და პოლიტიკური დევნით.
ცნობილი როკ-მუსიკოსის იური შევჩუკისადმი განკუთვნილ წერილში ნათქვამია: "იური იულიანის ძევ, ჩვენ, რუსეთის შეგნებული მოქალაქეები, რომლებისთვისაც არ არის სულერთი ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალი, არ გვაქვს რა ნდობა ორპირი "ვერტიკალის" მიერ წამოყენებული ადამიანებისა, გთხოვთ, 2012 წლის რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტის პოსტზე კენჭი იყაროთ.
ჩვენ დავიღალეთ: მილიციური განუკითხაობით, იმით რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარი "ატკატზე" მიდის, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ინფლაციის ზრდას ვერ უსწრებს, ჩეჩნეთის მუდმივი ომითა და საქართველოს ოკუპაციით, არაბუნებრივად გაზრდილი ბიუროკრატიით, იმისგან, რომ ხალხი მუშაობს მათზე ვინც მათ არ აურჩევია, ფაშიზმზე გამარჯვებულ ქვეყანაში ფაშიზმის დონის განუზომელი ზრდით, გაუმართლებლად დიდი გადასახადებით რომლებიც კლავენ ყველა ბიზნესს გარდა მათი ბიზნესისა ვინც დაახლოებულია "კორმუშკასთან", იმისგან რომ მხოლოდ ჩვენს ქვეყნიდან მიდიან მეცნიერები და ხელოვანები საზღვარგარეთ, დავიღალეთ "ვერტიკალის" გასუქებული უკანალის ლოკვით ან შიმშილით სიკვდილისგან იმის გამო, რომ როგორც ეს ოცდაათიან წლებში იყო დღეს აპატიმრებენ შეხედულებებისა და აზრებისათვის.
ჩვენ რუსეთის მოქალაქეები ვაცნობიერებთ, თუ რა რისკთან შეიძლება იყო დაკავშირებული თქვენთვის ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავთ. გთხოვთ, ქვეყანას ჩაუდგეთ სათავეში. რუსეთს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ხალხის მხარდაჭერითა და სიყვარულით სარგებლობს. დღეისათვის კი ძნელი წარმოსადგენია ამ კრიტერიუმების შესაბამისი ადამიანი თუ არა თქვენ. რუსეთის ბედი თქვენს ხელშია".
ამ მიმართვას ხელი 1800 ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. მათი საშუალო ასაკი 34 წელია.
თავად იური შევჩუკი აღნიშნული ხელმოწერების შეგროვების დაწყების შესახებ საქმის კურსშია, თუმცა მიიჩნევს, რომ ჯერ-ჯერობით რუსეთი ასეთი პრეზიდენტისათვის "მზად არ არის".
"გავიგე ხელმოწერების შეგროვების შესახებ. ვფიქრობ, რომ ისინი ყველანი ცდებიან. ქვეყანა არ არის მზად ჩემი პრეზიდენტობისათვის. უნდა მოვიცადოთ", _ აცხადებს მუსიკოსი.
ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ რუსეთში უკვე განჩნდა საზოგადოება სახელწოდებით "იური შევჩუკი - პრეზიდენტი!", გაჩნდა ასევე ბანერები და შევჩუკისათვის არჩევნებში ხმის მიცემის მოწოდებები.