ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან უვიზო მიმოსვლის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება ძალაში ხვალიდან შევა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრეს- სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით უვიზო რეჟიმით რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების _ დაღესტანის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილო ოსეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი- ჩერქეზეთის და ადიღეის რესპუბლიკების მოქალაქეები ისარგებლებენ.
"რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გააჟღერა მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ერთიან თავისუფალ კავკასიას ეხება. აღნიშნული გადაწყვეტილებაც სწორედ ამ ინიციატივას უკავშირდება და კავკასიელ ხალხთა შორის დიალოგისკენ და საუკუნეობრივი ურთიერთობის გაღრმავებისკენ არის მიმართული," - განაცახდა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებლებს უწევდათ დიდი გზის გავლა. ისინი ვიზის ასაღებად მოსკოვში ჩადიოდნენ და შვეიცარიის საელჩოში იღებდნენ ვიზებს.
"აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ ეს გზა შემცირდება, რადგან ჩრდილოეთ კავკასიის რეპსუბლიკებიდან საბაჟო გამშვებ პუნქტ ზემო ლარსამდე სავალი გზა მაქსიმუმ 2-3 საათია. რაც შეეხება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კითხვებს, აღნიშნული საკითხები სხვადასხვა გზით გვარდება და არა ვიზის გაცემა არგაცემით," - განაცხადა მანჯგალაძემ.