ახმედ ზაკაევმა ჩეჩნეთის დევნილობაში მყოფი მთავრობა დაითხოვა, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება მოიხსნა და ჩეჩენი მებრძოლების ახალი ლიდერის - ჰუსეინ გაკაევის ერთგულებაზე ფიცი დადო. აღსანიშნავია, რომ ჩეჩენმა მებრძოლებმა მცირე ხნის წინ საველე მეთაურის დოკუ უმაროვისადმი დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს, "კავკასიის იმარატიდან" გამოვიდნენ და გაკაევის დაქვემდებარებაში გადავიდნენ.
ზაკაევმა გაზეთ "კომერსანტთან" საუბარში განაცხადა, რომ ჩეჩენმა მებრძოლებმა დისტანცირება მოახდინეს სახელწოდება "იმარატის" მქონე "მითიური გაერთიანებიდან" და აპირებენ დაბრუნდნენ ინჩქერიის სამართლებრივ ჩარჩოში.
აღსანიშნავია რომ ჰუსეინ გაკაევს რუსეთის ხელისუფლება ეძებს და მისი დაჭერისათვის ჯილდოდ 10 მილიონ რუსულ რუბლს აწესებს.
ახმედ ზაკაევის თქმით, უახლოეს მომავალში ინჩქერიის დევნილობაში მყოფი მთავრობის წევრები გაკაევის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გამართავენ.