ცნობილი პოპშემსრულებელი ჯორჯ მაიკლი ბრიტანეთში მდებარე "ჰაიპოინტის" ციხიდან გაათავისუფლეს. ჯორჯ მაიკლმა საპატიმროში 4 კვირა გაატარა, სადაც სასჯელს ლონდონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო იხდიდა.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ჯორჯ მაიკლს ლონდონის სასამართლომ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო 8-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა. როგორც შემდეგ გაირკვა, მომღერალი საჭეს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მართავდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯორჯ მაიკლმა 1,250 ფუნტი სტერლინგიც გადაიხადა. ამასთან, მომღერალს მანქანის მართვა 5 წლით აუკრძალეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მაიკლი 4 კვირის საპატიმროში გატარების შემდეგ, დარჩენილ სასჯელის პრობაციის თანამშრომლების ზედამხედველობის ქვეშ სახლში მოიხდის.
ცნობისათვის, საქმე ეხება ივლისში, ჩრდილოეთ ლონდონში, მომხდარ ინციდენტს, როდესაც ჯორჯ მაიკლმა თავის "რეინჯ როვერზე" კონტროლი დაკარგა და ერთ-ერთ მაღაზიას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ბრალდებით ჯორჯ მაიკლი რამდენჯერმე უკვე იყო დაკავებული. თავის დროზე მას მანქანის მართვის უფლება 2 წლითაც ჰქონდა ჩამორთმეული.