აჭარის მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი უერთდება ინიციატივას და ხელფასების მესამედს Covid 19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს, - აღნიშნულის შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
"აჭარის მთავრობა, მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობით, უერთდება გუშინ ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“-ს პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რომელიც გულისხმობს, რომ შემდეგი 3 თვის განმავლობაში ჩვენი ხელფასებიდან 1/3 ჩაირიცხება კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთლიანად მსოფლიოსი პანდემიას ახლავს შესაბამისი პრობლემები. ძალიან ბევრს ადამიანს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს შეექმნა რიგი პრობლემები და აქ მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა ჩვენი სოლიდარობა, და ამ ნაწილში დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი სხვა უწყებაც აგვიბამს მხარს.
გვაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლების ყველა რგოლის ჩართვა მოხდება ამ პროგრამაში. ვინაიდან ჩვენი ბრძოლა ამ ინფექციასთან მოითხოვს კოლექტიურ, ერთიან ძალისხმევას. დარწმუნებული ვართ , რომ ჩვენი ერთიანი ძალისხმევით და სოლიდარობით შევძლებთ ამ ომში გავიმარჯვოთ და გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა.
ამ ინიციატივას უერთდება არა მხოლოდ აღმასრულებელი გუნდი, უერთდება უმაღლესი საბჭოც", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა რეგიონის მზაობის შესახებ და მთავრობის მიერ გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე, ასევე, საგანგებო მდგომარეობის დროს არსებულ შეზღუდვებზე.