მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 883 225 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 185 337 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 44 156 პაციენტი გარდაიცვალა.
იმისათვის, რომ კორონავირუსული ინფექციის სწრაფად გავრცელების გამო, ჯანდაცვის სისტემაზე მკვეთრი ზეწოლა შეემსუბუქებინათ, საჭირო გახდა საველე ჰოსპიტლების გამართვა, რომელთაც ათასობით პაციენტის მიღება შეუძლიათ.
საველე ჰოსპიტლებად გამოიყენებენ საკონფერენციო სივრცეებს, საგამოფენო დარბაზებს, მოედნებსა და სტადიონებს.
ლონდონში, საველე ჰოსპიტალი ExCel-ის საკონფერენციო დარბაზში მოაწყვეს, რომელსაც 4000-მდე პაციენტის მიღება შეუძლია.
ფოტო: PA Media
ნიუ-იორკში, რომელიც შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ინფექციის ეპიცენტრად ითვლება, რამდენიმე საველე ჰოსპიტალი ცენტრალურ პარკში მოაწყვეს.
ფოტო: EPA
იტალიაში, რომელიც მსოფლიოში კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა, ექიმები ამბობენ, რომ ფაქტობრივად "საომარ პირობებში" უწევთ პაციენტებზე ზრუნვა.
ფოტოზე იტალიის ერთ-ერთ რეგიონში, ლომბარდიის ქალაქ კრემაში მოწყობილი საველე ჰოსპიტალია. სწორედ აქ ეხმარებიან თავიან იტალიელ კოლეგებს კუბიდან ჩასული ექიმები.
ფოტო: EPA
ირანში კორონავირუსით 3000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ამ საველე ჰოსპიტალს, რომელიც სამხედროებმა თეირანში მოაწყვეს, 2000-მდე პაციენტის მიღება შეუძლია.
ფოტო: ALAMY
ბრაზილიაში, სადაც კორონავირუსული ინფექციის 6000-მდე შემთხვევაა გამოვლენილი და 203 პაციენტი გარდაიცვალა, ფეხბურთის კლუბებმა ხელისუფლებას საველე ჰოსპიტლების მოსაწყობად საფეხბურთო მოედნები შესთავაზეს.
ფოტოზე სან პაულუს ერთ-ერთ მოედანზე მოწყობილი საველე ჰოსპიტალი ჩანს, რომელსაც 200 პაციენტის მიღება შეუძლია.
ფოტო: Getty Images
რაფაჰში, ღაზის სექტორში საველე ჰოსპიტლის მშენებლობა მარტის შუა რიცხვებში დაიწყო. გაეროს განცხადებით, პალესტინის ტერიტორიებზე არსებულმა სიღარიბემ და ჯანდაცვის სისტემის სიმყიფემ, შესაძლოა სხვა დაავადებების გავრცელებას შეუწყოს ხელი.
ფოტო: AFP
ესპანეთში კორონავირუსული ინფექციით 9 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. განსაკუთრებით დაზარალებულია ქვეყნის დედაქალაქი მადრიდი. ფოტოზე მადრიდის უდიდესი საკონფერენციო ცენტრი ჩანს, სადაც ახლა საველე ჰოსპიტალია მოწყობილი.
ფოტო: Getty Images
რამდენიმე დღის წინ, ვირჯინიაში, ნორფოლკში მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზა დატოვა შეერთებული შტატების მცურავმა ჰოსპიტალმა და ნიუ-იორკის სიახლოვეს ჩაუშვა ღუზა.