დღეს, 9 სექტემბერს, ლენტეხში, "რომპეტროლის სეზონი 2010"-ის ფარგლებში, პროფესიონალთა შორის წყვილთა რბოლა გაიმართება.
საავტომობილო ფედერაციის ინფორმაციით, რბოლა სტარტს ლენტეხის ცენტრში, თამარ მეფის ქუჩაზე, გამგეობის წინ, 11:00 საათზე აიღებს და 14:30 საათზე დასრულდება. რბოლაში მონაწილეობას მხოლოდ მონოკლასის წარმომადგენლები მიიღებენ.
შეჯიბრი ცაგერი-ლენტეხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გახსნას ემთხვევა და რეაბილიტირებული გზის მონაკვეთს სატესტო რეჟიმში პირველად სწორედ ავტომრბოლელები მოსინჯავენ. რბოლაში 10 სპორტული ავტომობილი იასპარეზებს.
სამ საპრიზო კატეგორიაზე საპრიზო ფონდს "რომპეტროლის" მიერ დაწესებული ნახევარი ტონა საწვევი და 2000 ლარი ფულადი პრემია შეადგენს.
"აღნიშნული ტურნირი ლენტეხში მეორედ ტარდება. "რომპეტროლის", საავტომობილო ფედერაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ვცდილობთ ეს სპორტი რეგიონებშიც პოპულარობით სარგებლობდეს და მოსახლეობამ იცოდეს, რომ სპორტის ეს სახეობა ყველგან და ყველასთვის ხელმოსაწვდომია. საპროზო ფონდს მთლიანად ჩვენი სპონსორი კომპანია "რომპეტროლი" უზრუნველყოფს, რომელმაც აღნიშნული ტურნირის საპროზო ფონდისთვის ნახევარი ტონა საწვავი და ფულადი პრიზები გამოყო", - აცხადებს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი მევლუდ მელაძე.
2008 წლიდან ავტოსპორტის გენერალური სპონსორი "რომპეტროლ საქართველოა". კომპანია ყველა ეტაპზე უზრუნველყოფს საწვავით მრბოლელებს, ასაჩუქრებს გამარჯვებულებს და ტრადიციად აქცია მათი წარმატებების შეჯამება დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ყოველი ახალი ეტაპის დაწყებამდე ტარდება.