შეერთებულმა შტატებმა, თალიბანთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ავღანეთიდან ავღანეთიდან ჯარების გაყვანის პროცესი დაიწყო.
ვაშინგტონი, შეთანხმების ხელმოწერიდან 135 დღის განმავლობაში, ავღანეთში დისლოცირებული სამხედროების რიცხვს 13 ათასიდან 8600-მდე შეამცირებს.
ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას შეერთებულმა შტატებმა და თალიბანმა 29 თებერვალს მოაწერეს ხელი.
ავღანეთის მთავრობა არ მონაწილეობდა ამ გარიგებაში, მაგრამ სავარაუდოდ მოლაპარაკებებს გამართავს თალიბებთან.
შეთანხმების გათვალისწინებით, შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მოკავშირეთა სამხედროები დატოვებენ ავღანეთის ტერიტორიას 14 თვის განმავლობაში, სანაცვლოდ კი "თალიბანმა" უნდა უზრუნველყოს მშვიდობის დამყარება და ამ მიზნის მისაღწევად ავღანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები აწარმოოს.
თუ ვაშინგტონი ავღანეთის ცენტრალურ მთავრობასა და თალიბანს შორის მოლაპარაკებებს წარმატებულად შეაფასებს, ის საკუთარ შეიარაღებულ ძალებს შეამცირებს.
ამერიკელი სამხედროების მიერ ქვეყნის სრულიად დატოვება თალიბანის მიერ შეთანხმების პირობების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.
შეერთებული შტატების მეთაურობით მოქმედი კოალიცია ქვეყანაში 2001 წელს შეიჭრა, რათა მოეშორებინა თალიბანის რეჟიმი, რომელსაც იმავე წლის სექტემბერში, შეერთებულ შტატებზე თავდასხმაში ბრალდებული ალ-ყაიდას ტერორისტული ქსელი ჰყავდა შეფარებული.
ამ დროის განმავლობაში, ავღანეთში 2400-მდე ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.
ავღანეთში ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 13 000-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.