„ყველა პირობა, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, წერია დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერენ დიალოგში მონაწილე პოლიტიკური პარტიები და შეთანხმების პირობები არის საჯარო. ვისაც ექნება კითხვები რას მოეწერა ხელი, ან დაავიწყდა რა წერია შეთანხმების პირობებში, ყველას ვურჩევდი, რომ გადაიკითხოს ეს დოკუმენტი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების და ამ შეთანხმების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, კონსენსუსის მისაღწევად და არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების მისაღწევად, „ქართულმა ოცნებამ“ როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ - სწორი ნაბიჯები გადადგა.
„ჩვენ, 2012 წლის შემდეგ გვაქვს დემოკრატიული და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებს ჩატარების ისტორია, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით. საპარლამენტო არჩევნებიდან არჩევნებამდე მიღწეული პროგრესი და გაუმჯობესება ასახულია სადამკვირვებლო ანგარიშებშიც. ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება და უსაფრთხოების განმტკიცება შეუძლებელია დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების გარეშე - ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად გადავდგით ნაბიჯები და ვაჩვენეთ საზოგადოებას, ვაჩვენეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა მდგრადია და ჩვენ მზად ვართ დემოკრატიის შემდგომი გაძლიერებისთვის“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების და უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია არის დემოკრატიული არჩევნები.