საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს აშშ-ის მიერ საქართველოსთვის რამდენიმე სფეროში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საქართველო აშშ-ისგან ითხოვს მეტ მხარდაჭერას განათლების, ეკონომიკისა და უსაფრთხოების საკითხებში. ამის შესახებ გილაურმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის წლის შემაჯამებელ სხდომაზე ისაუბრა.
საქართველოს პრემიერის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკამ ძალიან რთული 2 წელი გადაიტანა, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების და საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შედეგად კრიზისის დაძლევა მოახერხა.
"ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ აქ. პირადად ჩემთვის დიდი პატივია ვიყო სხდომის თანათავმჯდომარე თქვენთან ერთად. დიდი მადლობა იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერთ ყველა დონეზე. პირადად თქვენი და თქვენი მთავრობის მადლიერები ვართ ფინანსური და ეკონომიკური დახმარებისთვის. ბოლო 2 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის იყო ძალიან რთული, თუმცა პროცესების აღდგენა სახეზეა. ამას ორი მიზეზი აქვს. ერთი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და მათ შორის აშშ-ის მთავრობის დახმარება ინფრასტრუქტურულ საკითხებში, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი ჩვენს რეგიონში; მეორეა რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ატარებს. ამ რეფორმებით საქართველო ისეთ რეგიონში, სადაც ზოგიერთი ქვეყანა ჯერ კიდევ პოსტსაბჭოურად მოქმედებს, გახდა მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ კორუფციას, გვქონდეს თავისუფალი ბაზარი. ჯერ კიდევ შეიძლება და ამ გამოცდილების ექსპორტირებაც, მაგრამ ამის გასაკეთებლად დაგვჭირდება დამატებითი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგათ", - აღნიშნა გილაურმა და დასძინა, რომ საქართველოს განათლების, ეკონომიკის და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერა ესაჭროება.
"ვიცით, რასაც ვაკეთებ, მაგრამ გვჭირდება დამატებით დახმარება. ეს კი ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ ვართ აქ. გვჭირდება მხარდაჭერა განათლებაში, ეკონომიკასა და უსაფრთხოებაში. ეკონიომიკის თვალსაზრისით გვჭირდება პროექტები, რომლებსაც შემდეგ წლებში განვახორციელებთ. მზად ვართ, საქართველოში დავაფუძნოთ ტექნოლოგიური ინსტიტუტი, საქართველოში კანადიდან ჩამოგვყავს ინგლისურის 1000მასწავლებელი. გვაქვს საშუალება გავხდეთ ერთგვარი ცენტრი ეკონომიკური პროექტებისა. საქართველოში ტრანზიტის საშუალება ძალიან დიდია და ჩვენ გვაქვს საშუალება კასპიის ზღვის ნავთობი გავიტანოთ ევროპაში. ასევე ვართ ელექტროკავშირების ექსპორტიორები და გამტარები. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შავ ზღვაში თხევადი გაზის მოპოვების საკითხიც", - განმარტა პრემიერმა.