კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.
1917 შეიქმნა თბილისში ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება, რომელმაც ითავა უნივერსიტეტის დაფუძნებაზე ზრუნვა.
უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი.
თანადამფუძნებლები იყვნენ: კონსტანტინე აფხაზი, გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი.
პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, მსოფლიო სახელის მქონე ქართველი ქიმიკოსი, რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივანე ჯავახიშვილის წარდგენით, არჩეულ იქნა უნივერსიტეტის პირველ რექტორად.
უნივერსიტეტის გახსნის დღეს მის ეზოში საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა.
უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ ივანე ჯავახიშვილი, იუსტინე აბულაძე, გიორგი ახვლედიანი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანისა, დიმიტრი უზნაძე, ვანდა ღამბაშიძე, ილია ყიფშიძე, იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი, ანდრია რაზმაძე, ივანე ბერიტაშვილი და გრიგოლ წერეთელი.