მოსკოვის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ რესინი, როგორც ჩანს მოსკოვის მერის თანამდებობაზე სავარაუდო კანდიდატთა სიაშია. ამ დასკვნის გაკეთება შეიძლება მისი გადაწყვეტილებიდან პარტია "ედინაია როსია"-ში გაწევრიანების შესახებ და ასევე პრემიერ-მინისტრის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის მიერ გაკეთებული კომენტარების მიხედვით, რომლებიც მან რესინისა და პუტინის შეხვედრის შედეგად გააკეთა.
პრესმდივანი გასაგები მიზეზების გამო, არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რესინი მერობის კანდიდატთა იმ სიაშია, რომელიც "ედინაია როსიამ" შეადგინა, თუმცა იგი არ უარყოფს, რომ მომავალი მერის თემა შესაძლოა პრემიერთან შეხვედრის დროს განხილული ყოფილიყო.
აღსანიშნავია, რომ რესინი ლუჟკოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ აქტიურ მოქმედებებზე გადავიდა. მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, რაც მან მოსკოვის მერის მოვალეობის შესრულება დაიწყო ქალაქის მთავრობის რამდენიმე მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამას გარდა, რესინმა ბოროვიცის მაღლობზე, კრემლის მოპირდაპირე მხარეს სკანდალური მშენებლობა შეაჩერა და ზურაბ წერეთლის ნამუშევრის პეტრე I ქანდაკების სხვა ადგილზე გადატანის ინიციატივით გამოვიდა.
ასეთი აქტიურობა და 74 წლის რესინის გადაწყვეტილება "ედინაია როსიაში" გაწევრიანების შესახებ შეიძლება მხოლოდ ერთს ნიშნავდეს - იგი მერობას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ პარტია "ედინაია როსიას" მიერ შედგენილი მოსკოვის მერობის კანდიდატთა სია ფართო საზოგადოებისათვის 9 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
მედის მიერ ნავარაუდევი მოსკოვის მერობის კანდიდატთა სია კი ასე გამოიყურება: ვიცე-პრემიერი სერგეი სობიანინი, საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელი სერგეი შოიგუ, ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი, პრეზიდენტის საქმეთა მმართველი ვლადიმერ კოჟინი, პრეზიდენტის რწმუნებული სამხრეთ ფედერალურ ოლქში ალექსანდრე ხლოპონინი, თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი, ნიჟეგოროდის ოლქის გუბერნატორი ვალერი შანცევი, კალინინგრადის ექს-გუბერნატორი გიორგი ბოოსი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე ბეგლოვი.