აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დღეს საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა. ლევან ვარშალომიძესა და მაჯიდ სამადზადე საბერის შოროს საუბარი საქართველოსა და ირანს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმდებას, ბათუმში ირანის გენერალური საკონსულოს ამოქმედებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას შეეხო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ნასერ ფუია, რომელიც აჭარაში ირანის საკონსულოს ჩაუდგება სათავეში.
"სავიზო რეჟიმის გაუქმება და რეგიონის განვითარების ტემპები მომავალ ზაფხულს ირანელი ტურისტების რიცხვს აუცილებლად გაზრდის სწორედ ამიტომაც გახდა რეგიონში საკონსულოს გახსნა აუცილებელი. უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების დოკუმენტები უკვე მზადაა და მას ხელი მალე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტისას მოეწერება", - აღნიშნა ირანელმა დიპლომატმა.
ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის გარდა, უვიზო რეჟიმი ინვესტიციების მოზიდვას და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასაც შეუწყობს ხელს.