პარლამენტის წინ, "კონსერვატორიული პარტიის", "ხალხის პარტიის", ასევე "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის", "გარე მოვაჭრეთა ლიგისა" და "საქართველოს პედაგოგთა ასოციაციის" საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.
ბრიფინგზე 7 ოქტომბერს დადგეგმილ "სოციალური სოლიდარობისა და პროტესტის აქციის" შესახებ ისაუბრეს.
ბრიფინგის ორგანიზატორთა განცხადებით, აქციას შეურთდებიან დევნილები, გარე მოვაჭრეები, პედაგოგები, ექიმები, ბიბლიოთეკარები, ბაზრობებზე ვაჭრობით დაკავებული წვრილი მეწარმეები, პენსიონერები, ვეტერანები, ინვალიდები, მიწისძვრითა და კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროცესში არსებული დარღვევებისგან დაზარალებული პირები და სხვა მოქალაქეები.
"7 ოქტომბერს მოვითხოვთ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას თბილისის ნებისმიერ უბანში, გარე ვაჭრობის ცივილიზებული ფორმით განხორციელების უფლების დაკანონებას, პედაგოგთა მასობრივი განთავისუფლების პროცესის შეწყვეტას, საბაჟო და საგადასახადო სამსახურების მიერ წვრილი მეწარმეების უკანონოთ დევნისა და შევიწროების შეწყვეტას და სხვა სოციალურად დაუცველ ინტერესთა ჯგუფების ძირითადი პრობლემების მოგვარებას", - განაცხადა "კონსერვატორების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა.
როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, 7 ოქტომბრის აქციის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა პარლამენტის მიერ კონსტიტუციის სააკაშვილისეული პროექტის განხილვის შეწყვეტა იქნება.