განცხადება, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გაისტუმრა კლინიკების დავალიანებების დიდი ნაწილი, ტყუილია, - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძემ.
მისი თქმით, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება, რომ კლინკების უდიდეს ნაწილს დავალიანება აუნაზღაურდათ, არის ტყუილი.
"ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების მიმართ წინა წლის დავალიანება შეადგენს, დაახლოებით 350 მილიონ ლარს. ჯერჯერობით, 2019 წლის ივლისის ხარჯებიც კი არ არის გასტუმრებული. ხაზინის, დღევანდელი 17 იანვრის მონაცემებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის ყველა პროგრამაზე 2020 წლის ბიუჯეტიდან დახარჯა 36 მილიონი ლარი, აქედან 31 მილიონი ლარი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან.
ამ თანხის დიდი ნაწილი მიმდინარე, 2020 წლის ხარჯებია. შესაბამისად, არანაირ 2019 წლის დავალიანების გასტუმრებაზე ან თუნდაც დიდი ნაწილის გასტუმრებაზე, ლაპარაკი არ არის", - განაცხადა ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფომ კლინიკების დიდ ნაწილს დავალიანება გასული წლლის ბოლოს აუნაზღაურა.
"ჩვენ გასული წლის ბოლოს პრემიერ-მინისტრთან და შესაბამისი უწყებების მინისტრებთან, მათ შორის, ეკა ტიკარაძესთან ერთად შევხვდით კლინიკის ხელმძღვანელებს. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული პრობლემური საკითხები, მაგრამ ეს გასული წლის ბოლოს დალაგდა. უდიდესი ნაწილი კლინიკებისა არის ანაზღაურებული", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.