ლაგოდეხის მოსახლეობის ნაწილმა კულტურის ცენტრის მიერ აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი ბილეთების გაყიდვა გააპროტესტა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, საინგილოს სოფელ ალიბეგლოს ქართული სახელმწიფო თეატრმა ლაგოდეხში სპექტაკლი წარმოადგინა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, ლაგოდეხის კულტურის ცენტრი ღონისძიებაზე დასასწრებად აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილ ბილეთებს ყიდის, რამაც მოსახლეობის ნაწილის პროტესტი გამოიწვია.
"საინგილოში, აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები ქართველებს ყველანაირად ავიწროვებენ და აქ მათ ენაზე დაბეჭდილი ბილეთებიც კი იყიდება", - განაცხადეს ლაგოდეხის მცხოვრებლებმა.
ლაგოდეხის კულტურის ცენტრის დირექტორის განმარტებით, ბილეთები სარეალიზაციოდ აზერბაიჯანიდან ჩამოიტანეს და ეს ფაქტი ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებულია. მუნიციპალიტეტის გამგებლის გია გოზალიშვილის განცხადებით, ალიბეგლოს თეატრი აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრია და აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი ბილეთები საფინანსო დოკუმენტაციის მოსაგვარებლად სჭირდებათ.