სიღნაღში უხელფასოდ დარჩენილი მუშების მიერ დღეს გამართულ საპროტესტო აქციას რაიონის გამგებელი ნოდარ კოჭლამაზაშვილი გამოეხმაურა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. როგორც გამგებელმა განაცხადა, სულ 6 ათას ლარამდე თანხაა გასაცემი, მაგრამ სამშენებლო კომპანია "ნიუ - სითი" დავალიანებას არ აღიარებს.
"მაქსიმალურად ვიბრძვით ამ საკითხზე. სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელობა საქმის კურსშია, მაგრამ როგორც შპს "ნიუ - სითის" ხელმძღვანელი ზაქრო გიორგაძე აცხადებს, მას მუშების მიმართ დავალიანება არ აქვს. მიუხედავად ამისა, მან ისიც გვითხრა, რომ 6 ათასი ლარი ის თანხა არ არის, რომლის გაცემასაც კომპანია ვერ შეძლებს. გიორგაძე დამპირდა, რომ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ამ საკითხის გარკვევას დაავალებდა, მაგრამ მას შემდეგ ტელეფონზე აღარ გვპასუხობს", - აცხადებს სიღნაღის გამგებელი.
შეგახსენებთ, რომ სიღნაღის რეაბილიტაციის დროს დასაქმებული 30-მდე ადამიანი კუთვნილ ხელფასს მეათე თვეა უშედეგოდ ითხოვს.